მთავარი

 

„ახალი სკოლის მოდელი“

 

ზოგადი აღწერილობა

„ახალი სკოლის მოდელი“ არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი. მის ფარგლებში ხორციელდება მიზანმიმართული აქტივობები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების პრაქტიკაში განსახორციელებლად. პროექტში ამ ეტაპზე ჩართულია 600-ზე მეტი სკოლა, 2024 წლამდე კი საქართველოს ყველა სკოლა დაიფარება.

პროექტს ახორციელებს უშუალოდ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით:

·        სამინისტროს სსიპები;

·        საერთაშორისო ორგანიზაციები;

·        არასამთავრობო ორგანიზაციები.

განათლების რეფორმასთან და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებული სამინისტროს ყველა სხვა ინტერვენცია (სახელმძღვანელოების გრიფირება, ცენტრალიზებული ტრენინგები) კორელაციაშია პროექტ „ახალი სკოლის მოდელთან“.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია 24 მხარდამჭერი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის შემადგენლობაში შედიან: ყველა საგნის ექსპერტი, დაწყებითი განათლების ექსპერტი, ტექნოლოგიების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების ექსპერტი, ლიდერობის ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორები.

პროექტის ფარგლებში რესურსცენტრები და სკოლები სამინისტროსგან იღებენ კონკრეტულ ამოცანებს (იხ. ცხრილი 1) და ავტონომიურად ზრუნავენ ლოკალურ დონეზე მათი განხორციელებისთვის. პროცესში სკოლებს ეხმარებათ სამინისტროს მხარდამჭერი ჯგუფები ქოუჩინგის რეჟიმში.

2021 წელს სკოლებისთვის მხარდაჭერა შეთავაზებულია შემდეგი სისტემით:

·        2021 წლის თებერვალში მხარდამჭერი ჯგუფები იმუშავებენ 2021 წელს ახალდამატებულ სამას სკოლასთან; მარტის თვიდან კი ყველა სკოლა ერთობლივად - კვირაში სამჯერ - განაგრძობს შეხვედრებს: ორშაბათი და ოთხშაბათი ეძღვნება შეხვედრებს საბაზო საფეხურის მასწავლებლებთან, ხოლო პარასკევი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მასწავლებლების დასწრება ნებაყოფლობითია;

·        გარდა ონლაინ შეხვედრებისა, საგნობრივი ექსპერტები ინდივიდუალურად სტუმრობენ სკოლებს; ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა ეს შეხვედრებიც ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში;

·        სკოლაზე მიმაგრებულია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორი, რომელიც სკოლას ეხმარება პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების სასკოლო დონეზე განხორციელებაში;

 

მოხალისე სკოლებთან თანამშრომლობა

·        კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხორციელდება ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები საგნობრივი და სხვა მიმართულებების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მოხალისე სკოლის პედაგოგები მიიღებენ ინფორმაციას ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრებში მასწავლებლების დასწრება ნებაყოფლობითია;

·        ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორები დამატებით კონსულტაციებს უწევენ მოხალისე სკოლებს მათი სურვილიდან გამომდინარე.

 


 

 

მიზანი

·        სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;

·        სასკოლო კლიმატის გარდაქმნა - ანუ სკოლის სახით ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდას შეუწყობს ხელს.

 

ამოცანები

1.      სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე ორიენტირებული სასკოლო კურიკულუმების შექმნა და განვითარება - პროექტის ფარგლებში ყველა სკოლა ქმნის და ავითარებს საკუთარ კურიკულუმს, რომლის საშუალებითაც აჩვენებს იმ ორიგინალურ გზას (აქტივობები, დავალებები, სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული რესურსები), რომელსაც საკუთარ მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახული გრძელვადიანი მიზნების (საფეხურის შედეგები, სამიზნე ცნებები) მისაღწევად;

 

2.      მხარდაჭერასა და დახმარებაზე ორიენტირებული შიდა და გარე შეფასების სისტემის ჩამოყალიბება - პროექტის ფარგლებში ინერგება SOLO ტაქსონომიის პრინციპებზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სკოლის თითოეული მოსწავლის მიღწევები აღიწერება სამიზნე ცნებებთან მიმართებით კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით.

 

პროექტი ასევე ითვალისწინებს:

·        ყოველწლიურად მე-4, მე-6 და მე-9 კლასის ბოლოს პროექტში ჩართული ყველა სკოლის ყველა მოსწავლის მიღწევების შეფასებას ყველა საგანში ყველა სამიზნე ცნებასთან მიმართებით (კვლევა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების კვლევის ჯგუფის მიერ);

·        თითოეულ სკოლაში თვისებრივი კვლევის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის საგანმანათლებლო დაწესებულების სასკოლო კულტურის თავისებურებებს.

 

ჩატარებული კვლევების საფუძველზე იქმნება თითოეული სკოლის პროფილი, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში;

 

3.      კომუნიკაციისა და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებისთვის სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა - პროექტის ფარგლებში კომუნიკაცია ხორციელდება Microsoft 365 - ის სერვისების გამოყენებით (შეხვედრების დიდი ნაწილი ტარდება TEAMS-ში SELF-ის გამოყენებით ხდება სკოლების თვითშეფასება ციფრული მიმართულებით, სასკოლო კურიკულუმი იქმნება და ვითარდება ღრუბლოვან სისტემებში, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენება ელექტრონული ჟურნალი.

 

გარდა ამისა, პროექტში იქმნება საქართველოს სასკოლო საზოგადოების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული ციფრული პროგრამები (ვსწავლობთ თამაშით, გააციფრულე სასწავლო პროცესი, ქართული LMMS), რომელიც გამოიყენება „ახალი სკოლის მოდელში.

 

4.      სკოლის საორგანიზაციო კულტურის განვითარება - პროექტის ფარგლებში სკოლები ეცნობიან ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ყოველწლიურად იღებენ მოსწავლის პროგრესის შეფასებისა და სასკოლო კულტურის კვლევის განახლებულ  შედეგებს, რის საფუძველზე სწავლობენ საკუთარ საჭიროებებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მისაღწევად; მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

·        თვითშეფასების სისტემის შექმნა;

·        ხარისხის მართვის სისტემის შექმნა;

·        სკოლის სტრატეგიული გეგმის განვითარება.

 

პროექტის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სიტუაციური ლიდერების/ცვლილებების აგენტების გამოკვეთას, რომლებმაც სკოლაში საგანმანათლებლო ლიდერის როლი უნდა იტვირთონ და რეფორმის პროცესში „ხიდის“ როლი უნდა შეასრულონ სამინისტროსა და სკოლებს შორის ურთიერთობისას.

 

 

 

 

მხარდაჭერა და მონიტორინგი

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერა ხორციელდება ორი საშუალებით:

 

1.      მხარდამჭერი ჯგუფის წევრები ავსებენ სამუშაო აღწერილობას, სადაც ჩანს, თუ რომელ დღეებში მიმდინარეობს შეხვედრები სკოლებთან/მასწავლებლებთან. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები დაესწრებიან ონლაინ სამუშაო შეხვედრებს (ან ჩანაწერებს ნახავენ), რომლებსაც მხარდამჭერი ჯგუფის წევრები ატარებენ სკოლების პედაგოგებთან; გამომდინარე აქედან, სავალდებულოა გაკეთდეს ყველა ონლაინ შეხვედრის ჩანაწერი;

2.      ყოველი თვის ბოლოს მხარდამჭერი ჯგუფის ექსპერტებმა და კოორდინატორებმა უნდა მოამზადონ მიმდინარე პროცესების ანალიზი და განათავსონ მითითებულ პლატფორმაზე.  ანგარიშს არ აქვს მკაცრად სტრუქტურირებული ფორმა, მაგრამ მასში უნდა წარმოჩნდეს:

·        როგორ მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები?

·        რომელი კომპონენტები ხორციელდება წარმატებით (რას გულისხმობს ეს წარმატება)?

·        რა გამოწვევები იკვეთება სამუშაო პროცესში (გამოწვევების აღწერილობა, მათი წარმოქმნის მიზეზების ახსნა, მათი მნიშვნელობის შეფასება მთლიანობით პროცესებთან მიმართებით).

 

სასურველია, რომ ანგარიში იყოს მაქსიმალურად დეტალური და მაგალითებით გაჯერებული.

 

ანგარიში კონფიდენციალურია და არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი პროექტში ჩართული სხვა ექსპერტებისთვის.

 


 

Комментариев нет:

Отправить комментарий